English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ხსოვნა ნათელი - პროფესორი გიორგი ადეიშვილი – 90

ქართული ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელს, ამაგდარ პედაგოგს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და წლების განმავლობაში კათედრის გამგეს – გიორგი ადეიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. რამდენიმე ათეული წელი პროფ. გიორგი ადეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთგულად ემსახურებოდა ეკონომიკური თეორიის აქტუალური პრობლემების კვლევისა და სტუდენტი ახალგაზრდობის პროფესიული დაოსტატების საქმეს.

გიორგი ადეიშვილი დაიბადა 1927 წლის 2 მაისს ვანის რაიონის სოფელ ყუმურში. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში იგი გამოირჩეოდა თავისი სიბეჯითით და საქმისადმი უაღრესად პასუხისმგებლური დამოკიდებულებით. ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1950 წელს, უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ასპირანტურაში და 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. პროფესიული კარიერა გიორგი ადეიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრაზე დაიწყო და თანმიმდევრულად გაიარა ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობები. 1972 წელს, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, მან დაიკავა პროფესორის თანამდებობა, ხოლო 1986 წელს არჩეული იყო ამავე კათედრის გამგედ, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა.

პროფესორი გიორგი ადეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა სხვადასხვა სამეცნიერო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობას. 1972-1976 წლებში იგი იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი, 1976-1978 წლებში - საქართველოს მინისტრთა საბჭოს პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1975-1977 წლებში უძღვებოდა ამავე კომიტეტის სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოს, 1985-1987 წლებში მუშაობდა  მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დემოგრაფიის განყოფილების უფროს მეცნიერ მუშაკად. წლების განმავლობაში იყო საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს ეკონომიკის დარგობრივი სექციის წევრი, ჟურნალების „ეკონომისტისა“ და „მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პოლიტიკური ეკონომიის სპეციალობით დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოება „ცოდნის“ გამგეობის წევრი და სხვ. პროფესორ გიორგი ადეიშვილის სამეცნიერო ავტორიტეტი აღიარებული იყო საკავშირო მასშტაბით, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იყო მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიული პრობლემების კვლევის საორგანიზაციო კომიტეტის და სსრ კავშირის განათლების სამინისტროს პოლიტიკური ეკონომიის მეთოდური სექციის წევრი.

გიორგი ადეიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ სამეცნიერო კოფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, სადაც ღირსეულად წარმოაჩენდა ქართული ეკონომიკური მეცნიერების პრესტიჟს. ლექციების წასაკითხად მივლინებული იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და მექსიკაში. ბატონ გიორგის გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 10 მონოგრაფიაა. მისი ნაშრომები მუდამ იმსახურებდა ყურადღებას სპეციალისტთა მხრიდან.

პროფესორ გიორგი ადეიშვილის სამეცნიერო კვლევის სფერო მოიცავს ეკონომიკის როგორც თეორიული, ასევე გამოყენებითი ხასიათის მნიშვნელოვან პრობლემებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეცნიერის წვლილი დემოგრაფიული პროცესების შესწავლაში. უნდა აღინიშნოს, რომ ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ამ მიმართულებით კვლევა შეწყდა. იყო მისი განახლების მცდელობა 1950-იანი წლების დასაწყისში, თუმცა ეს პროცესი აქტიურად 1960-იანი წლებიდან დაიწყო აკადემიკოს პაატა გუგშვილისა და პროფესორ ვახტანგ ჯაოშვილის მიერ, რომლებიც სწავლობდნენ დემოგრაფიული სტატისტიკისა და მოსახლეობის დემოგრაფიის პრობლემებს. დემოგრაფიის თეორიულ კანონზომიერებათა კვლევაში პიონერი პროფესორი გიორგი ადეიშვილი იყო, რომელიც 1966 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა დემოგრაფიიის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, მან მრავალი სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა საქართველოში დემოგრაფიულ პროცესებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამ სფეროში არსებულ სირთულეების გამომწვევ მიზეზებსა და დაძლევის გზებზე.

აღსანიშნავია პროფესორ გიორგი ადეიშვილის დამსახურება სტუდენტი - ახალგაზრდობის აღზრის საქმეში. მისი აღზრდილებიდან დღეს ბევრი ნაყოფიერად მოღვაწეობს სამეცნიერო, სამეურნეო, სახელმწიფო მმართველობის სფერო- ში და მადლიერებით იხსენებს თავისი მასწავლებლის ღვაწლს.

პროფესორ გიოტგი ადეიშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა 20-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია. მასთან სტაჟირება გაიარეს როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა მეცნიერ-მუშაკებმა და ასპირანტებმა.

გ. ადეიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სტუდენტებისათვის საჭირო სახელმძღვანელოების მომზადებას. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მონაწილეობდა პოლიტიკური ეკონომიის პირველი ქართული ორიგინალური სახელმძღვანელოს დაწერაში, რომელსაც 1963 წელს უნივერსიტეტის პირველი ხარისხის სამეცნიერო პრემია მიენიჭა.

1980 წელს მან მეუღლესთან – როზეტა ასათიანთან თანაავტორობით გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო – „პოლიტიკური ეკონომიის საკითხები“, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა სტუდენტ-ახალგაზრდობაში. პროფესორ გიორგი ადეიშვილის რედაქტორობით და თანაავტორობით საქართველოსათვის უმძიმეს პერიოდში – 1992 წელს გამოვიდა დამხმარე სახელმძღვანელო –„ეკონომიკური თეორიის საფუძვლები“, რომლითაც იმხანად ეკონომიკური თეორიის სასწავლო დისციპლინას სწავლობდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტები.

1998 წელს პროფესორ გიორგი ადეიშვილისა და პროფესორ როზეტა ასათიანის რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო ეკონომიკურ თეორიაში (კათედრის წამყვანი პროფესორების მონაწილეობით), რომელიც სავსებით ესადაგებოდა პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის რეალობას.

სამწუხაროდ, გიორგი ადეიშვილი თავისი სულიერი და ინტელექტუალური სიმწიფის პერიოდში წავიდა ამ ქვეყნიდან, როცა მას უნივერსიტეტისათვის და ზოგადად ქვეყნისათვის კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეეძლო. მისი, როგორც თავისი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტის, ოჯახისა და მეგობრების მოსიყვარულე, ახალგაზრდობის აღზრდისათვის თავდადებული პიროვნების, გამოჩენილი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის სახელი დიდხანს იცოცხლებს მისი მეგობრების, კოლეგების, აღზრდილი სტუდენტების ხსოვნაში. სწორედ ბატონი გიორგისნაირი ადამიანები სანთელივით უნათებენ გზას სხვებს ცხოვრების გრძელ და ძნელ გზაზე.

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

პროფესორი თეიმურაზ ბერიძე

პროფესორი რევაზ გოგოხია

პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი

პროფესორი მიხეილ ჯიბუტი